უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა 8-11 მაისს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უკვე 734-ჯერ დაარღვია.
“ჩვენი სამხედრო მონაცემების მიხედვით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელ ხაზზე. შუა ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმა მიიტანა, რომელთაგან 23 ამ წუთებშიც გრძელდება. 586 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე, აქედან 464 მძიმე შეიარაღებით. 176 იერიში დრონებით და 10 საჰაერო იერიში 16 მართვადი საავიაციო რაკეტით” – წერს სიბიგა X-ზე.
რუსეთმის მიერ 8 მაისს უკრაინის რეგიონებზე იერიშის შედეგად, დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაშავდა 70 წლის ქალი.
გარდა ამისა, 7 მაისს, გვიან საღამოს, რუსეთმა კიდევ ერთი ავიაბომბი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ჩამოაგდო, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში ეძებენ ერთ ქალს.
28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.
3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას “თეატრალური დადგმა” უწოდა და პუტინს აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
