რუსეთმა „შავი დღის“ ფონდის ლიკვიდური ნაწილის ნახევარი დახარჯა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში, რუსეთმა დახარჯა თავისი „ეროვნული კეთილდღეობის ფონდში“ არსებული ლიკვიდური აქტივების თითქმის ნახევარი, წერს „მედუზა“.
ფონდი, რომელიც რუსეთში 2004 წელს დაარსდა, ქვეყანას „შავი დღის“ და სხვა კრიზისების დროს უნდა დახმარებოდა. ვინაიდან ს შემოსავლების მნიშვნელოვან წილს შეადგენს ნავთობის გაყიდვა, ფონდის მუშაობის სქემა ასეთი იყო – როდესაც ნავთობის რუსული მარკის ბარელის ფასი დადგენილ ზღვარზე მეტი იყო, მიღებული თანხის ნაწილი ფონდში ირიცხებოდა. თუ ნავთობის ფასი ზღვარზე ნაკლებია, – რაც ბიუჯეტის დეფიციტსაც იწვევს, – მთავრობას შეუძლია, ამ „ყულაბიდან“ ფული ამოიღოს და სხვადასხვა რამეში დახარჯოს.
2023 წლის დასასრულის მონაცემებით, ფონდში არსებული აქტივები ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ლიკვიდური და ინვესტიციები. მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ლიკვიდური აქტივები უცხოურ ვალუტასა და ოქროშია, რომელთა გაყიდვაც, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მათი მიზანი, რუსული მხარის ცნობით, დაგროვებული ფულის ინფლაციის გამო გაუფასურების რისკის პრევენცია იყო. ამგვარად, ესაა აქტივები, რომლებიც მოიცავს ინვესტიციებს სხვადასხვა აქციაში, ობლიგაციაში, ფასიან ქაღალდებში და ა.შ. ნაღდ ფულად მათი სწრაფად გადაქცევა კრემლისთვის შეიძლება პრობლემური ან არამომგებანი აღმოჩნდეს.
რუსეთში სამხედრო ხარჯებისა და ბიუჯეტური დეფიციტის ზრდის ფონზე, ფონდის ლიკვიდური აქტივები 2025 წელს ამოიწურება, აღნიშნავს „მედუზა“. თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2022-23 წლების მსგავსი ხარჯები აღარ იქნება: 2024 წელს ფონდიდან მთავრობას მხოლოდ 1,3 ტრილიონის [10,3 მილიარდი] აღება შეეძლება, 2025-ში კი- არც არაფრის.
ეს ფონდი არ არის რუსეთის ერთადერთი ფულადი რეზერვი. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის და სხვა სახელმწიფოს მიერ დასავლეთის ქვეყნებში დაბანდებული ფული ამჟამად გაყინულია და ხელმისაწვდომი არაა კრემლისთვის.