რუსეთმა “უცხოეთის აგენტების” რეესტრში ბორის ნემცოვის შვილი შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიყვანა მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა ნემცოვა და Navalny Team – ანტი-კორუფციული ფონდის თანამშრომელთა მიერ მართული სოციალური მედიის ანგარიშების ჯგუფი.
სამინისტრომ სიას ასევე მიამატა ჩერქეზი აქტივისტი რუსტამ ხუაჟევი და მედია Reanimatsiya.
უწყების განცხადებით, “უცხოეთის აგენტებად“ ახლად გამოცხადებული პირები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ “ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ” და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ.
გარდა ამისა, რეესტრიდან ამოიღეს ცენტრი Nasiliu.net (არა ძალადობას),  რადგან ორგანიზაცია პუტინის რეჟიმის წნეხის ქვეშ დაიშალა.
ცნობისთვის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ფიგურანტმა თემირლან ესკერხანოვმა შეწყალებისა და კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობს.
ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.
პარტია ეროვნული თავისუფლების ლიდერი ბორის ნემცოვი პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.