აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა A7-ის ჩრდილოვან საბანკო ქსელს, რომელიც უწყების ცნობით, რუსეთსა და ირანთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია.
უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) A7-ის ქსელი, როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაცია, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
A7-ის სისტემა გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების მიზნით.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ქსელს სათავეში უდგას ილან შორი – წარმოშობით მოლდოველი ებრაელი ოლიგარქი, რომელიც უკვე იმყოფება სანქციების ქვეშ და მსჯავრდებულია.
უწყების ინფორმაციით, A7-ის ქსელი გამოიყენებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ჰამასის დაფინანსებისთვის, ასევე ირანული ნავთობის რეალიზაციასა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესასრულებლად.
A7-ის ყველა აქტივი და ქონება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლქვეშ არის, დაყადაღებულია, ხოლო მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია აკრძალულია სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით.
ქსელი თანხების საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში გასატარებლად მესამე ქვეყნებში არსებულ შუამავლებს, ფიქციურ სავაჭრო დოკუმენტაციასა და ფარულ VPN ქსელებს იყენებდა.
A7-მა ფიქციური კომპანიების ფართომასშტაბიანი ქსელი შექმნა, რაც რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლისა და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საქონლის შეძენის საშუალებას აძლევს.