5 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველ პოლიტიკოსზე, „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილზე.
მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ „სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს“ გადაეცა.
მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
რუსეთის პროკურატურა წერს, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა, მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში და 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.
ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ელისაშვილი ჯერ არ გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებას.
ალეკო ელისაშვილი, – მაშინ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და პარლამენტის წევრი 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გაემგზავრა უკრაინის მხარეს საბრძოლველად. მან 13 მარტს დაწერა ფეისბუკზე, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. უკრაინაში დღემდე იბრძვის საქართველოს არაერთი მოქალაქე. 60-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.
„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ“, – წერდა მაშინ ალეკო ელისაშვილი.
ის იმავე წლის 19 აპრილს დაბრუნდა საქართველოში და პოლიტიკური კარიერა გააგრძელა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის გაერთიანდა მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან“, მასთან ერთად შექმნა კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და დღემდე ამ პოლიტიკური სუბიექტის ერთ-ერთი ლიდერია. გეგმავს მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც სხვა რამდენიმე პარტია ბოიკოტს უცხადებს.
ამასთან, ალეკო ელისაშვილი საქართველოშიც არის ბრალდებული – მას ედავებიან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ალი ბაბაევის „ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“, 2024 წლის 2 დეკემბრის საქმეზე. ელისაშვილს გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი
