რუსმა დიპლომატმა გაეროში საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ და 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ქვეყნების დასადანაშაულებლად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება მოიშველია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დისკუსიებში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად საქართველოსვე ხელისუფლების განცხადებებს იმოწმებს.
საქართველო გაეროში 2008 წლიდან წარადგენს რეზოლუციას დევნილთა სტატუსის შესახებ — დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, რამეთუ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი დაბრუნების უფლების ირგვლივ განგრძობითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციისთვის გამოიყენება.
რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი წლიდან წლამდე ზრდადია — 14-დან 2008 წელს, რეკორდულ 107-მდე 2025 წელს. 2019 წლიდან რეზოლუციას პირველად ჰყავს თანასპონსორები, იგივე თანაავტორები. ის, თუ როგორ ნაწილდება გაერო-ს წევრი სახელმწიფოს ხმები რეზოლუციის კენჭისყრისას, გარკვეული დასკვნების გაკეთების და ტენდენციების შეფასების საფუძველს იძლევა.
წელს საქართველოს და 63 ქვეყნის ინიციირებული რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორულმა გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ზიმბაბვემ.
49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლის სასარგებლოდაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დათმო. მოწინააღმდეგეთაგან თავშეკავებულთა რიცხვში გადავიდა სირია, სადაც შეიცვალა რუსეთის მოკავშირე ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა, რომ 3 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.
არაფერი უთქვამს მოწინააღმდეგეებზე, რომელთა ხმა ვენესუელამ (გააკრიტიკა რეზოლუციის პოლიტიკური მიზნები) და რუსეთმა გააჟღერეს. არც იმაზე, რომ უკანასკნელმა თავის გამოსვლაში სწორედ „ქართული ოცნების“ განცხადება დაიმოწმა.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარია ზაბოლოცკაიამ თქვა, რომ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა არაპროვოცირებული იერიში მიიტანა სამხრეთ ოსეთზე, მათ შორის, თავს დაესხა რუს სამშვიდობოებს.
„ამასთან დაკავშირებით მსურს მოვიყვანო მმართველი პარტიის განცხადება 2008 წლის მოვლენებზე: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო“… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, — თქვა მარია მარია ზაბოლოცკაიამ.
ამონარიდი, რომელიც რუსმა დიპლომატმა წაიკითხა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს გავრცელებული განცხადებიდანაა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოსკოვი აღნიშნულ განცხადებას თავისი არგუმენტების გასამყარებლად იყენებს. პირველად „ოცნების“ განცხადებიდან მეორე დღესვე, 2024 წლის 14 აგვისტოს, იგივე ამონარიდი ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში, დმიტრი პოლიანსკიმ წაუკითხა.
მარია ზაბოლოცკაიამ მიანიშნა, რომ 2008 წლის ომის „გარედან დამკვეთი“ ქართული რეზოლუციის თანასპონსორ დასავლურ ქვეყნებს შორის უნდა ვეძიოთ.
რეზოლუციის თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.
მან თქვა, რომ „პოლიტიზებულ“ რეზოლუციაზე უარი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის პირობად განიხილება და ყველა დელეგაციას სთხოვა, არ დაუჭირონ მხარი ამ რეზოლუციას.
დევნილთა სტატუსის შესახებ მეტწილად ჰუმანიტარული ხასიათის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.
ამ თემაზე:
რომელმა ქვეყნებმა (არ) დაუჭირეს მხარი საქართველოს რეზოლუციას გაეროში
ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა
