სამშაბათს, მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას ორი თვით დაპატიმრების ორდერი, მის დაუსწრებლად გასცა. იულია გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლეა.
სასამართლომ ნავალნაიას, რომელიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, ბრალი „ექსტრემისტული“ ჯგუფის წევრობაში დასდო. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლისთანავე, ის უეჭველად დაპატიმრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
47 წლის ნავალნაია ყურადღების ცენტრში მისი მეუღლის, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა, რომელიც თებერვალში არქტიკულ სადამსჯელო კოლონიაში ყოფნის დროს, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. იულია ამბობს, რომ გააგრძელებს მეუღლის საქმეს და ბრძოლას იმისთვის, რასაც ნავალნი „მომავლის მშვენიერ რუსეთს“ უწოდებდა.
სამშაბათს X-ზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, ნავალნაიამ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ყურადღება არა მის წინააღმდეგ გამოცემულ სასამართლო ორდერზე, არამედ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილონ.
„როდესაც ამის შესახებ წერთ, თუ შეიძლება, არ დაგავიწყდეთ დაწეროთ მთავარ ამბავზე: ვლადიმირ პუტინი მკვლელი და ომის დამნაშავეა“, – დაწერა ნავალნაიამ სოციალური ქსელის გვერდზე.
„მისი ადგილი ციხეშია და არა სადმე ჰააგაში, ტელევიზორიან მყუდრო საკანში, არამედ რუსეთში – იგივე (სადამსჯელო) კოლონიაში, იგივე 2×3 მეტრიან საკანში, რომელშიც მან ალექსეი მოკლა“.
კრემლი უარყოფს, რომ ნავალნის მოკვლის ბრძანება გასცა.
მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ნავალნაია ბევრ დასავლელ მაღალი რანგის ლიდერს შეხვდა, მათ შორის, სან-ფრანცისკოში ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
ამერიკაში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ჯგუფმა „ადამიანის უფლებების ფონდი“ (Human Rights Foundation), გასულ კვირაში ნავალნაია თავის თავმჯდომარედ დაასახელა. იულიამ თქვა, რომ თავის ახალ როლს გამოიყენებს იმ ბრძოლის გასაძლიერებლად, რომელსაც მისი მეუღლე პუტინის წინააღმდეგ აწარმოებდა.
“ხელში ავიღებთ ყველაფერს, რაც პუტინთან საბრძოლველად გამოდგება, რათა ვიბრძოლოთ მომავლის მშვენიერი რუსეთისთვის”, დაწერა ნავალნაიამ X-ზე.