რუსეთის ფედერაციის პრიმორსკის მხარეში მდინარე ტუმანაიაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან დააკავშირებს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარდამტეხი ეტაპი იქნება. ეს რუსეთ-კორეის ურთიერთობებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი მნიშვნელობა გაცილებით სცილდება უბრალოდ საინჟინრო ამოცანას. ეს სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს საერთო მისწრაფებას, გავაძლიეროთ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები და გავაფართოოთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, რომელსაც პარკ ტაე სანიც ესწრებოდა.
მისი თქმით, ეს ქმნის საიმედო საფუძველს ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, გზას ღია და ნაყოფიერი დიალოგისა და ორი ქვეყნის ხალხების დაახლოებისთვის. გარდა ამისა, ეს გაზრდის მოგზაურობებისა და შეხვედრების რაოდენობას და ხელს შეუწყობს ახალი შთაბეჭდილებების გაცვლას.
მიშუსტინის თქმით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის გასულ წელს ხელმოწერილმა ყოვლისმომცველმა სტრატეგიულმა პარტნიორობის შეთანხმებამ უზრუნველყო მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა და შექმნა ორმხრივად სასარგებლო პროექტების დასაწყებად აუცილებელი პირობები.
დაგეგმილია, რომ ახალი ხიდის საერთო სიგრძე, მისასვლელი გზების ჩათვლით, 4.7 კილომეტრი იქნება. თავად ხიდი – ერთი კილომეტრი იქნება (რუსეთის ტერიტორიის მხარე 424 მეტრი, ჩრდილოეთ კორეის – 581 მეტრი), სიგანე კი – 7 მეტრი.
ამჟამად, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მხოლოდ სარკინიგზო ხიდი და საჰაერო მიმოსვლა არსებობს.
