რუსეთმა გამოიმუშავა იმუნიტეტი და ადაპტირდა სანქციების მიმართ, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს სანქციების ახლა პაკეტს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მისი შედეგები.
„ჩვენ სანქციებისადმი გარკვეული იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, ადაპტაცია მოვახდინეთ სანქციების პირობებში ცხოვრების მიმართ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირის სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს.
„ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ევროპის საკმაოდ თანმიმდევრულ ანტირუსულ ხაზს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მსგავსი ცალმხრივი შეზღუდვები უკანონოდ მიგვაჩნია და გამოვდივართ მათ წინააღმდეგ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირის დამტკიცებული სანქციების მე-18 პაკეტი ერთ-ერთი უმკაცრესია, რაც აქამდე რუსეთის წინააღმდეგ მიუღიათ.
