გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარია ზაბოლოცკაიამ საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ არგუმენტად ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება მოიყვანა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად ქართული ოცნების განცხადება მოიყვანა.
ამჯერად საუბარია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივნისს მიიღო და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გამოსვლაში რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს “სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო შეტევა სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ყველა არსებული შეთანხმებისა და მშვიდობიანი დიალოგის დამყარების მცდელობა, შეუტია რუს სამშვიდობოებს”. სწორედ ამ დროს ახსენა მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ის ამონარიდი, სადაც “საჯარო სამართლებრივი პროცესის წარმართვის” აუცილებლობაზე საუბრობენ.
“ამასთან დაკავშირებით მსურს მოვიყვანო მმართველი პარტიის განცხადება 2008 წლის მოვლენებზე: “ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – თქვა მან.
