რუსეთი აპირებს, უცხოეთიდან მიწოდებული ღვინის წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს და შეაფასოს. რუსული მედია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ Rosselkhoznadzor-ი ამ საკითხზე ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
“ამ დებულების განსახორციელებლად, Rosselkhoznadzor-ი დაინტერესებული ქვეყნების მეღვინეობის სფეროში დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაზე მუშაობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ კანონის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, გააკონტროლოს იმ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ქვეყანაში უცხო სახელმწიფოებიდან შედის. Rosselkhoznadzor-ის სპეციალისტები გეგმავენ, მოინახულონ ადგილები, რათა აუდიტი ჩაატარონ და სასმელის წარმოების ტექნოლოგია შეაფასონ.
როგორც Rosselkhoznadzor-ში აცხადებენ, მემორანდუმის პროექტი 21 ქვეყანაში გაიგზავნა, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები სომხეთთან, მოლდოვასთან და სერბეთთან მიმდინარეობს.
