რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცებმა და სამხედრო მეზღვაურებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. მათივე ინფორმაციით, წვრთნები ლენინგრადის სამხედრო ოლქში ჩატარდა, რომელიც ნატოს წევრ ნორვეგიას, ფინეთს, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ესაზღვრება.
როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი აფართოებს ბირთვული წვრთნების წინასწარ გამოცხადებულ არეალს და რთავს მასში ჯარისკაცებს იმ სამხედრო ოლქებიდან, რომლებიც არქტიკული ოკეანიდან შავ ზღვამდე ტერიტორიაზე არიან განლაგებული და რაც რუსეთის თითქმის მთელ ევროპულ საზღვარს ფარავს.
წვრთნების ჩატარების ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარაკეტო განყოფილების პერსონალი, საბრძოლო მომზადების ამოცანებს ახორციელებს.“
სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ბელარუსის ძალებთან ერთად, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო.
მანამდე, პარასკევს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება. მაგრამ მან ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანას, რომელიც ადგენს პირობებს, რომლითაც შესაძლებელია ასეთი იარაღის გამოყენება. მან ადრე თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს დოქტრინის შესაცვლელად.
შეერთებული შტატები ამბობს, რომ რუსეთის სტრატეგიულ პოზიციაში ცვლილება არ უნახავს, თუმცა დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვის ბირთვული იარაღის შესახებ საუბარი მათ სერიოზულად უნდა მიიღონ.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, რუსეთი და შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოები არიან, რომლებსაც ბირთვული იარაღის დაახლოებით 88% აქვთ.