“რუსეთი, სპეციფიკური, თუმცა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია – ეკონომიკის მინისტრი ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის შექმნას იწონებს (bm.ge)

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. მან ამაზე კვირის დასაწყისში განაცხადა.
საქმე ისაა, რომ BMG-ის ინფორმაციით, საქართველოში “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა.
ლევან დავითასვილისთვის მისასალმებელია, თუ იქნება ასოციაცია, რომელიც ამ ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
“ვერ გეტყვით [ახალ ასოციაციაზე], მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, არსებობს ასეთი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთანაც მგონი არსებობს. რა თქმა უნდა, შეიძლება ახალი ასოციაციაც შეიქმნას. თუ ისეთი ბიზნესსაბჭო ან ასოციაციები იქნება, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მისასალმებელია იმიტომ, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად უფრო ადვილია ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ასეთ ინიციატივებს როგორც წესი ვახალისებთ. იცით, რომ არის მაგალითად შუა აზიის ქვეყნებთან, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასეთი ასოციაციები არის”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
“ქართული ოცნების” პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ , პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე, სპეციფიკური, თუმცა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
“სავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ, რომ [რუსეთი] მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეციფიკური პარტნიორი ბევრი შეზღუდვიდან და პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე. ჩვენ იცით, რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მათთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამიტომ, ესაა რეალობა, რომელსაც ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, ასეთი ასოციაციები თუ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემატიკაზე იმუშავებენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია.
სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, პოლიტიკურ დონეზე არ გვაქვს დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ესაა მოცემულობა. ამის ფონზე, წლების განმავლობაში შევძელით, რომ ფაქტობრივად ემბარგოს რეჟიმიდან გადავედით დაბალანსებულ სავაჭრო ურთიერთობამდე, რაც საქართველოსთვის იყო პირველ რიგში საინტერესო იმიტომ, რომ ნულოვანი ექსპორტი მილიარდზე მეტით შევცვალეთ და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ შევატრიალეთ. ეს იყო ძირითადად კერძო სექტორზე დაფუძნებული. თუ ამ შემთხვევაში კერძო სექტორი არის უფრო ორგანიზებული და უფრო შედეგიანია, რა თქმა უნდა ეს არის კარგი”,- გამბობს დავითაშვილი.
ცნობისთვის, “ქართულ-რუსული” ბიზნესასოციაციის უმთავრესი მიზნად სახელდება იმ ბიზნესმენებისთვის დახმარება, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. ასოციაციის პირველ შეხვედრაზე 60-მდე კომპანია იყო, ძირითადად მეღვინეები.
bm.ge