„რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ეკონომიკურ კრიზისს ნავთობპროდუქტებზე მონოპოლიის დაკანონებით ამწვავებს“ – DRI

ნავთობპროდუქტების ექსპორტს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გავლენის განსამტკიცებლად იყენებს“, – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს.
ამავე ცნობით, ბენზინის ექსპორტის პერიოდული შეწყვეტის შემთხვევები ხშირია, როგორც ოკუპირებულ ცხინვალში, ასევე, აფხაზეთში.
„კომერსანტი“ DRI-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„2023 წლის 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა აამოქმედა, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც ეხებოდა; დასაწყისისთვის, რუსეთი მათ განიხილავდა, როგორც რუსეთის საზღვარს მიღმა ტერიტორიებს. 2023 წლის 17 ნოემბრიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა გააუქმა აფხაზეთსა და ცხინვალში, ხოლო დიზელის ძირითად ექსპორტზე ძალაში დატოვა.
2024 წლის 1 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ბენზინი ხელმისაწვდომია მხოლოდ „როსნეფტის” და „პოდოროჟნიკის” ბენზინგასამართ სადგურებში. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ბენზინგასამართ სადგურებს, სადაც ნავთობპროდუქტები კვლავ ხელმისაწვდომია, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი მფარველობენ.
ს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკაში“ საწვავის „იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან“, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. მისივე განმარტებით, მომწოდებლებს შეუძლიათ პირდაპირ დადონ ხელშეკრულება „როსნეფტთან“ და უზრუნველყონ ნავთობპროდუქტების შემოტანა „რესპუბლიკაში“.
აფხაზეთში საწვავის პრობლემა 26 დეკემბერს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის საწვავის ასოციაციამ უარი განაცხადა როსნეფტთან შეთანხმებაზე იმის გამო, რომ ის უნდა გამხდარიყო საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი. ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ეს მონოპოლიზაციას გამოიწვევდა; მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი.
რუსეთმა 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით გააუქმა საექსპორტო გადასახადები ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე ცხინვალის რეგიონში. მოსკოვისა და ცხინვალის მიერ შეთანხმებულ კონკრეტულ მოცულობაზე მოქმედებს ნულოვანი საგადასახადო განაკვეთი; ნულოვანი გადასახადების შესახებ შეთანხმება რამდენიმე სხვა სახის პროდუქტზეც ვრცელდება: პლასტმასის, შავი ლითონებისა და მათგან წარმოებულ პროდუქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისთვის აკრძალვები გააუქმა, ხოლო 2024 წლის 10 იანვრიდან განსაკუთრებული შეღავათები დააწესა, კრიზისი და ბენზინის დეფიციტი სამხრეთ ოსეთში კვლავ აქტუალურია. ოფიციალური ვერსიით, კრიზისი საახალწლო უქმეებს უკავშირდება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების კრიზისი რეგიონში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება და კორუფციითა და კონტრაბანდითაა გამოწვეული.
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში მიწოდებული შეღავათიანი ბენზინის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდისთვის 2023 წლის 14 ნოემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ხუთი ქართველი დააკავეს. აღნიშნულ უკანონო სქემაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ დაკავებულ პირებს ადანაშაულებენ. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, კონტრაბანდული ბენზინით ვაჭრობას სათავეში დე ფაქტო პრეზიდენტის ბიძაშვილი ნიკოლაი გაგლოევი ედგა. აღნიშნულ სქემაში ასევე მონაწილეობდნენ ადმინისტრაციაში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კონტრაბანდული საქმიანობიდან წილს იღებდნენ. ადგილობრივი საზოგადოების აზრით, ზემოაღნიშნული ვაჭრობის შემთხვევა ცნობილი იყო დე ფაქტო პრეზიდენტისთვის ალან გაგლოევისთვის. თუმცა, უკანონო ვაჭრობის საკითხის გასაჯაროების შემდეგ, მხოლოდ ეთნიკური ქართველები დააკავეს.
ცხინვალის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი წერილობითი შეთანხმება გაუფორმდა გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებს ბრალი ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისის ტერიტორიაზე 50 ტონა საწვავისა და საპოხი მასალების გადატუმბვაში ედებათ; ე.წ. უშიშროების კომიტეტის თანახმად, კონტრაბანდისტებმა ოკუპირებული ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში შექმნეს საწვავის კონსპირაციული მიმღები და სატუმბი პუნქტი.
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ხშირია ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისა და ეთნიკური ქართველების საჯაროდ დადანაშაულება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სავარაუდოდ, თავად მფარველობენ დანაშაულებრივ საქმიანობას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით:
რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელოვნურად ამძიმებს ისედაც არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რითაც ცდილობს აფხაზეთსა და ცხინვალზე გავლენების გაძლიერებას.
აუცილებელია მსგავს, საჯაროდ ცნობილ, სავარაუდოდ დანაშაულებრივ ქმედებებზე საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ დროული რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება“, – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.