რუსეთი ისევ ამკაცრებს „უცხოეთის აგენტების“ საწინააღმდეგო კანონს

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარისი იქნება წლის განმავლობაში ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არა ორი, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
რუსეთში „უცხოეთის აგენტების ვალდებულებათა შეუსრულებლობა“ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლიდან რუსეთში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1620 ოქმი. დუმის მიერ პირველი მოსმენით 15 ივლისს დამტკიცებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქმედი ნორმები „სრულად ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ურთიერთობების უსაფრთხოებას“.
ს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეტანილთა დაახლოებით 40% კანონით დადგენილ შეზღუდვებს არ იცავს. ძირითად დარღვევებად ასახელებენ „უცხოეთის აგენტის“ მარკირების და საქმიანობის შესახებ მოთხოვნილი ანგარიშების არარსებობას.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის” მოჰყავს დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება, რომ მნიშვნელოვანია „რუსეთის დაცვა არამეგობრული ქვეყნების ჩარევისგან” მათი „აგენტების” მეშვეობით, რომელთა „პასუხისმგებლობის გაძლიერებით იცავენ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს და და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს უსაფრთხოებას”.
რუსეთი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ კანონებს მუდმივად ამკაცრებს.
ახლახან „უცხოეთის აგენტებს“ საგანმანათლებლო საქმიანობა აუკრძალეს, ჰონორარის სახით რუსეთში გამომუშავებული თანხა კი სპეცანგარიშებზე უნდა ჩარიცხონ და სარგებლობას მხოლოდ სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ.
„უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულთა შორის არიან უფლებადამცველები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.
ფორუმი