აშშ-თან მოლაპარაკების პროცესში, რუსეთი აყენებს პირობას, უკრაინა არ მიიღონ ნატოში, მეტიც, ალიანსმა უარი თქვას 2008 წელს ბუქარესტში გაკეთებულ პირობაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 18 თებერვლის ბრიფინგზე, „როიტერსის“ კორესპონდენტის პასუხად ისაუბრა.
„უკრაინის ნატოში გაწევრება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით და საერთოდ, კატასტროფულ შედეგებს მოიტანს მთელი ევროპისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისი არ არის უარი კიევის ნატოში მიღებაზე. ალიანსმა უკან უნდა წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა მომავალში გარანტირებულად შევიდოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა კვლავაც მოწამლავს ატმოსფეროს ევროპის კონტინენტზე“, — განაცხადა მარია ზახაროვამ.
მარია ზახაროვა ამ კომენტარს რომ აკეთებდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, რომელიც უკრაინაში ომს და მის დასრულებას შეეხებოდა. რუსეთის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების გავრცობაზე სწორედ ზახაროვას კომენტარებიდან გახდა ცნობილი.
ერ-რიადში რუსეთს წარმოადგენდა: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მუდმივად აყენებს ნატოში უკრაინის გაწევრების საკითხს, როგორც ერთადერთ გზას, კიევის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოკუპანტი მეზობლისგან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტ ტრამპს ხალხის ხოცვის შეჩერება უნდა, შეერთებულ შტატებს უნდა მშვიდობა და იყენებს თავის ძალას, რომ ქვეყნები ერთად შეყაროს. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია უკრაინა და რუსეთი ამაზე დაითანხმოს“.
