„რუსეთი და უკრაინა ვაჭრობს ერთმანეთთან და სხვას აუკრძალო, რასაც შენ თვითონ აკეთებ, არასწორია“ – ზურა რამაზაშვილი

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ukrvinprom-ში გაერთიანებული ადგილობრივი მეღვინეები ში ქართულ და სომხურ ღვინოზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. მიზეზი, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთთან ვაჭრობაა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ქართველ ღვინის მწარმოებლებს დაუკავშირდა. ნაწილმა საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „თელავის მარნის“ დამფუძნებელი, ზურა რამაზაშვილი ამბობს, რომ და უკრაინა თავად ვაჭრობენ ერთმანეთთან ნავთობით და გზით და სხვას ის აუკრძალო, რასაც შენ თვითონ აკეთებ, არასწორია.
„რუსეთი და უკრაინა ვაჭრობს ერთმანეთთან ნავთობით და გზით. სხვას რაღაც აუკრძალო, რასაც შენ თვითონ აკეთებ, არასწორია. დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და თავისი გადაწყვეტილებები აქვს. რაც სურს, იმას გადაწყვეტს. ეს არის ფაქტი – დასავლეთ ევროპული – ფრანგული, იტალიური, ესპანური, ავსტრალიური, ამერიკული ღვინო იყიდება რუსეთში. დასკვნა თქვენ გააკეთეთ“, – აცხადებს ზურა რამაზაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, დასანქცირება რამდენად საზარალო იქნება ქართველი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის, „თელავის მარანი“ დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოდან თუ ბევრი ყიდის ღვინოს უკრაინაში და მომავალში აღარ გაყიდის, სავარაუდოდ, ეს კომპანიებისთვის ზარალი იქნება.
„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ მათი ღვინო იყიდება უკრაინაში, მაგრამ არა – რუსეთში და ამით გამოიხატება კომპანიის პოზიცია.
„ჩვენ კომპანიას აქვს გარკვეული რაოდენობის ექსპორტი უკრაინაში, მაგრამ არ გაგაქვს ღვინო რუსეთში, ასე რომ ჩვენ ეს საფრთხე არ გვიდგას. პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე არ ვყიდი რუსეთის ბაზარზე ღვინოს და ამით გამოიხატება ჩემი პოზიცია“, – ამბობს იაგო ბიტარიშვილი.
„ჯანიანის“ დამფუძნებელი კახა შენგელია აცხადებს, რომ თავად რუსული ბაზარი არ აინტერესებს და უკრაინელების გადასაწყვეტია რას გადაწყვეტენ და ვის დაასანქცირებენ.
რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე რუსეთისა და უკრაინის წილს, ყურძნის ნატურალური ღვინოების საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, მესამეზე – უკრაინა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში რუსეთში 37 045 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა და ამით ქვეყანამ $99,5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უკრაინას, ამავე პერიოდში 1 415 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა და ქვეყანამ $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.
ყურძნის ნატურალური ღვინოების ტოპ 5 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
რუსეთი – $99.5 მლნ-ის 37 045 ტონა ღვინო;
პოლონეთი – $4.9 მლნ-ის 2 006 ტონა;
უკრაინა – $3.9 მლნ-ის, 1 415 ტონა;
ყაზახეთი – $2.9 მლნ-ის, 893 ტონა;
ჩინეთი – $2.2 მლნ-ის, 633 ტონა.
Економічна правда წერს, რომ სანქციები შესაძლოა დაუწესდეს კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ შემომწირველი სუბიექტების კომპანიებს, მათ შორისაა, ზურაბ ჩხაიძე (კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფი), ვახტანგ კარიჭაშვილი (Bolero & Co), ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე (Georgian Wine Ltd) და ნანა მენაბდიშვილი (წინანდლის ძველი მარანი). გამოცემა წერს, რომ რუსეთის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის გამო, სანქციები შესაძლოა დაუწესდება ასევე კომპანია „სარაჯიშვილს“ და „ასკანელი ძმებს“.