უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ დეპორტირებულ უკრაინელებთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. უწყების განცხადებით, რუსეთი განგებ ცდილობს საქართველოსთან საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას.
„2025 წლის ივნისის მეორე ნახევრიდან რუსეთის მხარემ გააქტიურა უკრაინის მოქალაქეთა დეპორტაცია საქართველოს საზღვრის გავლით, რამაც გააუარესა ჰუმანიტარული ვითარება რუსეთის საზღვართან მდებარე საქართველოს გამშვებ პუნქტზე“, – წერს საგარეო უწყება.
ამავე განცხადების თანახმად, უკრაინა მუშაობს კრიზისის „რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“:
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე ამ ქვეყნებისა და უკრაინის შესაბამის სამინისტროებთან და დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, მუშაობს ამ ჰუმანიტარული კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, – წერია განცხადებაში.
საგარეო უწყება აცხადებს იმასაც, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ დეპორტირებულ პირებთან, – მათ შორის მათთან, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს.
მოშიმშილეთა რაოდენობა 15-მდეა გაზრდილი.
ამავე განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „შესაბამის ორგანოებთან ერთად გატარებული ზომების“ შედეგად, ივნისის ბოლოდან „უკვე შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერული ზონიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება“.
„ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უფრო მეტი მოქალაქის დეპორტაციას, რაც შესაძლოა რუსეთის მიზანმიმართულ ოპერაციაზე მიუთითებდეს“, – აცხადებს საგარეო უწყება.
ამჟამად დარიალის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ბუფერულ ზონაში უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება.
„მოსკოვის შეგნებული სურვილია კრიზისის შექმნა“
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოსკოვი არ ითვალისწინებს მინისტრ ანდრიი სიბიჰას მოწოდებას, რომ უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინას გადასცეს და არ დატოვოს ისინი საქართველოსა და მოლდოვის საზღვარზე.
„შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰას საჯაროდ მიმართა რუსულ მხარეს დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნის მოწოდებით“, – წერია განცხადებაში.
„ჩვენი სახელმწიფო მზადაა, პირდაპირ მიიღოს თავისი მოქალაქეები და არა საქართველოსა და მოლდოვის გავლით. ამ დროისთვის აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს ამ მოწოდებას, რაც ასევე მიუთითებს მოსკოვის შეგნებულ სურვილზე, შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთის მიერ საქართველოს საზღვართან დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების უმრავლესობას წარსულში სისხლის სამართლის პასუხისგება ჰქონდა დაკისრებული.
„მათ შორის არიან როგორც ისინი, ვინც სასჯელი მოიხადა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იქ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლდნენ“, – აცხადებს საგარეო უწყება.
„უკრაინის მოქალაქეები საქართველო-რუსეთის საზღვრის ბუფერულ ზონაში უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რამეთუ ქართულმა მხარემ მზადყოფნა, – იმის შესახებ, რომ მოეხდინა ამ მოქალაქეების ორგანიზებული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თბილისის აეროპორტში, – გამოთქვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვური მხარე დაადასტურებდა, რომ თავადაც გაატარებდა [დეპორტირებულებს], როგორც ტრანზიტული ქვეყანა“, – წერია განცხადებაში.
რა ხდება?
დაახლოებით ორ თვეზე მეტია, რაც ათობით უკრაინელი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვართან, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ („დარიალის“) პუნქტში ცხოვრობს.
მათ მორიგეობით სძინავთ, რადგან ნახევრად აშენებული ტერმინალის სარდაფში საწოლები არ ჰყოფნით.
რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 25 ივნისს წერდა, რომ დაყოვნების სივრცეში, რომელშიც ნესტიანი ბეტონი და მძიმე ჰაერია და თან ფანჯრები არ აქვს, სულ 16 საწოლი იყო. ამ საწოლებს 56 ადამიანი მორიგეობით ინაწილებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 16 ივლისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა „რუსთავი 2-მა” და „იმედმა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინული მხარის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში“, – თქვა მაშინ დარახველიძემ.
