უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში რუსეთს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი “პუტინზეა” დამოკიდებული.
“3-დღიანი ზავი აბსურდია. პრეზიდენტ ტრამპს სურს, სამუდამო, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ზღვაზე, ჰაერში, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდგომ გაგრძელება შეიძლება.
როცა უყურებ ყველაფერს, რაზე სამუშაოდაც უკრაინელები მზად არიან, ახლა საქმე რუსებზე, პუტინზეა დამოკიდებული.
წინა კვირას ლონდონში ვიყავით და პირობათა ფურცელი შევადგინეთ. განვსაზღვრეთ 22 ძალზე სპეციფიკური ნაბიჯი, რომლებზეც ძალიან გულწრფელი, პირდაპირი და რთული დისკუსიები გვქონდა უკრაინელებთან. ვფიქრობთ, ძალიან კარგ პოზიციაში ვართ, მათ [უკრაინელებს] ყველა მათგანი არ მოეწონათ, მაგრამ არავის მოეწონება საბოლოო პოზიცია, რომელზეც შეჯერდები. ეს ნორმალურია მოლაპარაკებებში”. – განმარტა კელოგმა.
ინტერვიუში კელოგმა ასევე მიმდინარე ომში რუსეთის ჩავარდნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს”.
“რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. რუსეთს ბოლო წლინახევრის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონია. მათ ქალაქი კიევი, დედაქალაქი, არ აუღიათ. მდინარე დნეპრის დასავლეთით არ შეუღწევიათ, რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ოდესა არ აუღიათ. ასობით ათასი სამხედრო დაკარგეს. რეალურად არ განძრეულან, მეტრობით ხდება გადაადგილება და არა – მილებით. უკრაინელები თავიანთ მიწაზე მტკიცედ იბრძვიან და როდესაც რუსეთი ამბობს, რომ იგებენ, ასე არ არის. რომ იგებდნენ, უკვე გამარჯვებულები იქნებოდნენ სამი წლის შემდეგ და ახლა მეოთხე წელიწადში ვართ. ამიტომ, ვფიქრობ, ისინი უნდა დასხდნენ და გააცნობიერონ ეს”. – თქვა მან
