15 ივლისს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევებისა და 15-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟის ორ რაიონში და ერთ-ერთ ახლომდებარე სოფელში დაშავდა სულ 16 ადამიანი, რომელთაგან 14 ჰოსპიტალიზებულია.
მანამდე გუბერნატორი იუწყებოდა, რომ ქალაქ ვორონეჟის ცენტრში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მოგერიებული დრონი ჩამოვარდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ვორონეჟში დაზიანებულია სახლები, სავაჭრო ობიექტები და საბავშვო ბაღის შენობა.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ქალაქ ელეცის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
ელეცზე დრონებით შეტევა იყო 3 ივლისსაც. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ სამიზნე იყო ქარხანა „ენერგია“, რომელიც რუსეთის არმიის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აკუმულატორებს აწარმოებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, 14 ივლისის საღამოს რვიდან 15 ივლისის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 55 უკრაინული დრონი. მათგან 32 – ბელგოროდის ოლქში, 12 – ვორონეჟი, 6 – შავი ზღვის თავზე, 3 – ლიპეცკის ოლქში, 1 – როსტოვში და 1 – კურსკის ოლქში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
15 ივლისის დილის 10 საათის მდგომარეობით, უკრაინაზე რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი
