დღეს, 20 იანვარს დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება.
დროებით დახურეს ყაზანის და თათრეთის კიდევ ერთი ქალაქის, ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის განცხადება, რომ „შეტევის მცდელობა“ იყო „სამრეწველო საწარმოებზე“, თუმცა ყველა დრონი „გაუვნებელყოფილია“ და „მსხვერპლი და ნგრევა არ არის“.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ არც საწარმოები დააკონკრეტა და არც „გაუვნებელყოფილი“ დრონების რაოდენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში თათრეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს“. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა დილით კიდევ ორი დრონის „განადგურების” შესახებ.
ყაზანზე დრონებით შეტევა იყო 14 იანვარსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაარტყეს ქარხანა „ორგსინთეზს”. ყაზანზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 21 დეკემბერსაც. დღევანდელ ოპერაციაზე უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.