3 იანვარს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან აზოვსტალის მცველებიც.
„ჩვენები სახლში არიან, 200-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, მესაზღვრეების ჯარისკაცები. ზოგიერთი მათგანი იცავდა მარიუპოლს და აზოვსტალს.
მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენს ხალხს სახლში აბრუნებს! მადლობა ჩვენს დამცველებს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ხალხი, რომელიც ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკსიმ.
რუსული მხარის ცნობით, 3 იანვარს, „კომპლექსური მოლაპარაკების პროცესის შედეგად“ 248 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.
უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი ზაფხულის შემდეგ შეჩერებული იყო. ბოლოს ტყვეთა გაცვლა 7 აგვისტოს შედგა. როგორც უკრაინის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რუსეთი ტყვეთა გაცვლის პროცესს ბლოკავდა და ამ გზით ცდილობდა შეაქმნა დამატებითი სოციალური დაძაბულობა უკრაინაში და გამოიყენებინა სამხედრო ტყვეების ნათესავები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.