რუსეთის სამხრეთში ელექტროსადგური გაითიშა სავარაუდოდ, დრონებით შეტევის შედეგად

დღეს გათენიისას აფეთქებები იყო ს სამხრეთში მდებარე როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რაიონში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ათამდე აფეთქების შესახებ იუწყებიან.
სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურზე. როსტოვის ოლქის ხელისუფლება ელექტროსადგურზე ხანძარს ადასტურებს, თუმცა, გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.
ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის ტრანსფორმატორზე იყო ხანძარი, რომელიც „ოპერტიულად ჩააქრეს“ და არავინ დაშავებულა, მაგრამ საჭირო გახდა ორი ენერგობლოკის დროებით გამორთვა. გუბერნატორის თანახმად, ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა მაღალი ძაბვის ორი გადამცემი ხაზიც.
ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური როსტოვის ოლქში ამ ტიპის უმსხვილესი სადგურია.
22 მარტს, რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მან 22 მარტს განაცხადა, რომ მასირებული იერიში მიიტანეს, უკრაინის ენერგეტიკის, სამხედრო მრეწველობის და რკინიზგის ობიექტებზე, იარაღის საწყობებზე და უკრაინის არმიის სამხედროების და „დაქირავებული უცხოელების” დისლოკაციის ადგილებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ დარტყმებს უწოდა „შურისძიება” რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გამო.
მარტის შუა რიცხვებში, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, მ დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის სულ მცირე ექვს მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 12 მარტიდან რუსი მოხალისეების შეიარაღებულმა ჯგუფებმა შეტევა დაიწყეს რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა