“ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე მოსკოვის მხრიდან თითოეული თავდასხმისთვის, რომლის მიზანიც ზამთრის დადგომამდე უბრალო ხალხისთვის ზიანის მიყენებაა, მიღებულ უნდა იქნას საპასუხო სანქციები რუსეთის მთელი ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ, გამონაკლისების გარეშე”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში. მისი მოწოდება კრემლის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის გაძლიერება.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამიზნეებს უპირატესად წარმოადგენს სამოქალაქო ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. როგორც იტყობინებიან, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად, დნეპროპეტროვსკში (დნიპრო), სადაც დაინგრა ბინები 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ორ სართულზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მასირებულ შეტევაში, უკრაინის მასშტაბით, მონაწილეობდა 450 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 45 რაკეტა.
ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად, პოლტავის ოლქში ამოქმედებულია „უკრენერგოს“ მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის ავარიული გამორთვების გრაფიკი. ასევე პრობლემები შეექმნა მატარებლების მუშაობას.
ხოლო კრემენჩუგში ელექტროენერგიის სრული გამორთვის პირობებში, მუშაობა დაიწყეს „უწყვეტი მზადყოფნის ცენტრებმა“, სადაც ხალხს სთავაზობენ გათბობას, ელექტროენერგიას, მათ შორის – მობილური ტელეფონების დასამუხტად, ინტერნეტს, წყალსა და საბაზისო დახმარებას.
ხარკოვში მეტრო გაჩერდა; პრობლემებია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებაში; ელექტროტრანსპორტი ავტობუსებით ჩაანაცვლეს. საზოგადოებრივი დახმარების ცენტრები ხარკოვშიც გახსნეს.
„საჭიროა, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით; [საჭიროა] დამატებითი სანქციების დაწესება, დახმარება და უკრაინის თავდაცვის გაძლიერება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი და ხაზს უსვამს ასევე ფაქტს, რომ დღემდე არ არის დაწესებული სანქციები რუსეთის ბირთვულ ენერგეტიკაზე.
კიევი დიდი ხანია ითხოვს შორი მოქმედების Tomahawk-ებს, შეტევისთვის რუსეთის სიღრმეში, რადგან მოსკოვი აძლიერებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე და არ წყვეტს ომს, რისკენაც მას აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს.
უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდება ხშირად განსახილველი საკითხია, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. პუტინმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპი“ იქნება. პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ მიანიშნა, რომ აშშ არ არის მზად უკრაინისთვის ამგვარი დახმარების გასაწევად.
ფორუმი




