რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-17 და მე-18 პაკეტების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა დასავლური ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში ინტეგრირებული რიგი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. საუბარია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებზე, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში, ახორციელებენ საქმიანობას, რომლის მიზანი რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ბალტიის ზღვაში რუსული გემებისა და ტვირთების გადაადგილების ბლოკადის ორგანიზებაა“. ასევე ევროპული სტრუქტურების, ევროკავშირისა და სხვა ევროპული ქვეყნების სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ „რუსი ჩინოვნიკების დევნაში, უკანონო დაპატიმრებებისა და უკრაინის ტერიტორიებიდან ადამიანების გაძევების“ გამო.
