სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო.
„არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა. ის, რაც გუშინ ზოგიერთმა დასავლურმა წყარომ დაწერა, ჩვენ არ დაგვიდასტურებია. მსგავსი კონტაქტის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმება არ გვქონია“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, „შეხვედრის ჩატარების იდეა არსებობს“.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, ასეთ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის მომზადებას მოითხოვს. სწორედ ამით ვართ დაკავებული და გუშინ მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან ეს საკითხი განიხილა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
