რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„უნდა განვიხილოთ სიკვდილით დასჯის მორატორიუმის გაუქმების საკითხი, გარკვეულ შემთხვევებში ის უნდა იყოს გამოყენებული და მე ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა ბასტრიკინმა პეტერბურგის იურიდიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ბასტრიკინმა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტი გაიხსენა, რომელსაც 144 ადამიანი ემსხვერპლა. „საბჭოთა პერიოდში 2 და 3 ადამიანის მკვლელობისთვის სიკვდილით სჯიდნენ. ეს დამნაშავეები კი მაქსიმუმ უვადო პატიმრობას მიიღებენ, ანუ სამჯერადი კვება, ციხის ეზოში სეირნობა“, – განაცხადა მან.

„როდესაც მანიაკმა 70-80 ან 100 ადამიანი მოკლა, თუ ჩვენ ჰუმანიზმზე ვსაუბრობთ, მე სიკვდილით დასჯის მომხრე ვართ. ასეთია ადამიანი უნდა დაიხვრიტოს“, – განაცხადა ბასტრიკინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მორატორიუმის გაუქმებისთვის კონსტიტუციის შეცვლა აუცილებელი არ არის და მისთვის პრეზიდენტის ბრძანებულება სავსებით საკმარისია.

ამ საკითხზე რუსეთში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ასე, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში სიკვდილით დასჯა დაუშვებელია.