რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რკინიგზის კიდევ ერთ მონაკვეთზე

29 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ს როსტოვის ოლქის რამდენიმე რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებს სალსკის, კამენსკ-შახტინსკის, ვოლგოდონსკის და სხვა რაიონებში.
რუსეთის რკინიგზამ დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ სალსკის რკინიგზის სადგური.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა სალსკის რკინიგზის სადგურის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია ძლიერი ხანძარი.
დილის ექვსი საათისთვის რუსეთის რკინიგზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ გამო დაირღვა სალსკის სადგურის საკონტაქტო ქსელის მუშაობა და მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია, დამსხვრეულია სადგურში მყოფი სამგზავრო მატარებლის ფანჯრები, მგზავრები ევაკუირებული არიან და წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
სალსკის რკინიგზის სადგურში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტელეგრამ-არხითაც. ამ ცნობის თანახმად, ხანძრის ქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
სლიუსარის ცნობითვე, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ სალსკის ოსტროვსკის ქუჩაზე დაიღუპა ავტომობილში მყოფი მამაკაცი, კიდევ ერთ ქუჩაზე კი დაზიანებულია კერძო სახლი.
ივლისის განმავლობაში რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე რეგიონში, მათ შორის როსტოვის ოლქში.
23 ივლისს დრონებით დარტყმა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რკინიგზაზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ნოვოჩერკასკის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას იყენებს არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის და წარმოადგენს ლოგისტიკურ კვანძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტრატეგიულ მიმართულებებს: დონის როსტოვს, ვორონეჟს, ვოლგოგრადს და კამენსკ-შახტინსკს.
კოვალენკოს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვრისკენ ამ სარკინიგზო კვანძის გავლით აგზავნის სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალებს, საწვავს და არმიის პირად შემადგენლობას.
ფორუმი