25 ივლისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ათამდე რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდა. დროებით დახურეს რვა აეროპორტი.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონები შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“. თუმცა ქალაქის მერი მიხაილ მინენკოვი, რომელიც „37 მოფრენის“ შესახებ იუწყებოდა, აცხადებს, რომ „დანაკარგები და ქალაქში ნგრევა არ არის“.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტლეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედროებმა უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერიეს შვიდ რაიონში, მათ შორის ქალაქ ნოვოშახტინსკში.
სლიუსარი ამ რაიონებში რამდენიმე სახლის და რკინიგზის სადგურის შენობის დაზიანებისა და რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ეზოებში გაჩენილი ხანძრების შესახებ იუწყება.
უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინული დრონების სამიზნე.
დრონებით მორიგი შეტევა იყო კრასნოდარის მხარეზეც. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თანახმად, უპოლოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ ტიმაშევსკის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც სამგზავრო მატარებლის ვაგონი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა.
კონდრატიევის ცნობითვე, ტემრიუკის და სლავიანსკის რაიონებში დაზიანებულია კერძო სახლები.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს სოჭის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის, გროზნოს, მაგასის, მინვოდის, ნალჩიკის და ტამბოვის აეროპორტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 26 ბელგოროდის ოლქში, 25 – ბრიანსკში, 23 – როსტოვის ოლქში, 9 – აზოვის ზღვის თავზე, 8 – კრასნოდარის მხარეში, 5 – სტავროპოლში, 3-3 – კურსკის და ტამბოვის ოლქებში, 2 – ვორონეჟში და 1 – ორიოლის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
25 ივლისის დილის ცხრა საათის მდგომარეობით, უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი
