რუსი პოლიტიკოსი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „სამოქალაქო ინიციატივის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ბორის ნადეჟდინი მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისის გარდა, ბათუმშიც აგროვებს.
ინსტაგრამის გვერდის, „რუსები ბათუმში“ ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება 25 იანვრამდე გაგრძელდება.
„მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან უკვე ძალიან ბევრი ხელმოწერაა. იქიდან მეტი აღარაა საჭირო, საჭიროა რეგიონები”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ბორის ნადეჟდინმა თბილისში ხელმოწერების შეგროვება გასულ კვირას დაიწყო. სოციალურ ქსელში ზოგიერთმა მომხმარებელმა ეს ინიციატივა გააკრიტიკა, პოლიტიკოსის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
კრიტიკისა და მისი ძველი განცხადებების კომენტირებისას, SOVA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნადეჟდინმა 2008 წლის ომის დაწყებაში 90%-ით საქართველო და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
კითხვაზე, არის თუ არა „აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიები“, ნადეჟდინმა უპასუხა: „მე რუსეთში ვიმყოფები, გესმით ხომ? რუსეთში. რუსეთს ამჟამად აქვს ხელშეკრულებები ამ არაღიარებულ სახელმწიფოებთან. რუსეთმა, სხვათა შორის, აღიარა ისინი. ჩემი აზრით, რუსეთის გარდა, არავის უღიარებია. ლუკაშენკასაც კი არ უცნია. ამიტომ, ამ თემაზე გარკვეული საუბრის საფუძველი არსებობს“.
ამ დღეებში თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართა სახელწოდებით: „რუსეთი პუტინის გარეშე“. აქციაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. ზოგი მათგანი ბორის ნადეჟდინის კანდიდატურის წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობს.