4 ოქტომბერს აფეთქებები იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშის იმ რაიონში, სადაც ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი“ (კინეფი) მდებარეობს.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ, რომ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო.
დაახლოებით ღამის ოთხი საათისთვის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები კირიშიში უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებენ, სახანძრო სამსახური კი სამრეწველო ზონაში გაჩენილ ცეცხლს აქრობს.
დროზდენკოს არ დაუკონკრეტებია სამრეწველო ზონის რომელ ობიექტზეა ხანძარი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ დროზდენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ კირიშიში 7 დრონი გაანადგურეს, ხანძარი კი ლიკვიდირებულია.
ქარხანა „კინეფი”, რომლის მფლობელიც რუსეთში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „სურგუტნეფტეგაზია“, წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დრონებით დაარტყეს 2025 წლის მარტსა და სექტემბერშიც.
14 სექტემბერს განხორციელებული შეტევის შემდეგ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ „კინეფის” ნავთობის გადამუშავების ძირითადი დანადგარი გაჩერებულია და მის შეკეთებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი
