“რუსეთის მსგავს საქართველოში ცხოვრება აფხაზებსა და ოსებს რატომ უნდა მოუნდეთ?”

საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის გზა ევროპულ ღირებულებებს უკავშირდება, მაგრამ ავტორიტარული პოლიტიკა და ანტიევროპული ნაბიჯები პროცესს ბლოკავს – აცხადებს კონფლიქტების მკვლევარი მედეა ტურაშვილი, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში სამშვიდობო პოლიტიკის ტრანსფორმაციის სამოქალაქო და პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებს.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ აფხაზებისთვის და ოსებისთვის ევროპული ღირებულებების და განვითარებული საქართველო უნდა გამხდარიყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი, რაგდან, სწორედ ევროპული ტიპის საქართველო იქნებოდა აფხაზებისთვის და ოსებისთვის ს ალტერნატივა. დღეს როგორ იცვლება სიტუაცია?
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისთვის, არა იმიტომ რომ ევროკავშირი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ჩვენს მაგივრად მოაგვარებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რომელიმე პრობლემას. არამედ, იმიტომ რომ ევრო-ინტეგრაციის პროცესი არის ინსტიტუციური, სოციალური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნის შესაძლებლობა, რომელიც მშვიდობის დამყარების მეტ ინსტრუმენტს და შანსებს გაუჩენს ქვეყანას.
უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი იძლევა სამშვიდობო ინსტრუმენტების მრაფალფეროვან არჩევანს, გამოცდილებას და ფინანსურ მხარდაჭერას. კონფლიქტების გადაჭრის ევროპული მიდგომა გულისხმობს დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომელიც უკეთესი მომავლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი ევროპული გამოცდილება სწორედ ამას გვასწავლის და ევროკავშირის შექმნის იდეაც სწორედ მშვიდობიან თანაარსებობაში მდგომარეობდა.
საზოგადოებრივ დონეზე ევროინტეგრაციის პროცესმა და გაწევრიანებამ შედეგად უნდა მოიტანოს ღირებულებათა სისტემისა და ქცევის ისეთი გარდაქმნა, რომელიც გამორიცხავს კონფლიქტების მოგვარების ძალადობრივ მეთოდებს, წაახალისებს დიალოგისა და კომპრომისების კულტურას, შექმნის თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის მყარ ინსტიტუციურ გარანტიებს. შესაბამისად, მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებშიც კი, შესაძლებელი იქნება კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობა და მშვიდობიანი თანაარსებობა, თანამშრომლობა, შერიგება, და ა.შ. ამის მაგალითი ევროკავშირის წიაღში უკვე არსებობს კვიპროსის სახით.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა ს და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ისინი უფრო დამოკიდებულნი გახდნენ მოსკოვზე პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით. ში რუსეთის აგრესიამ აფხაზეთში გააღვივა უკმაყოფილება და შიში რუსეთის მიმართ, რომელიც ძალმომრეობით ცდილობს შეინარჩუნოს სრული კონტროლი რეგიონზე.
საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატების შემთხვევაში, დეფაქტო წარმონაქმნებს შესაძლოა დაენახათ შანსი გაითავისუფლონ თავი რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დომინაციისგან და ამის საპირისპიროდ, მეტად გაიხსნან გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის ფონზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას სჭირდება სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული საქართველო, რათა მეტად დაცულად იგრძნონ თავი და რათა თავადაც გაუჩნდეთ შანსი შექმნან განვითარების ევროპული მოდელი, და ააშენონ დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოებები. ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა ალტერნატივა ერთის მხრივ რეგრესირებად რუსეთსა და მეორეს მხრივ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში მყოფ საქართველოს შორის, საქართველო რომელიც როგორც დანარჩენს მოქალაქეებს, ისე აფხაზებსაც და ოსებსაც შესთავაზებდა უფლებების და უსაფრთხოების დაცვას და სოციალური განვითარების გარანტიებს.
საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შანსებს და შესაძლებლობებს საქართველო ხელიდან უშვებს ქართული ოცნების მიერ გატარებული ანტი-ევროპული და ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის გამო. ავტორიტარულ, კორუმპირებულ, უსამართლო სისტემაში აფხაზები და ოსები უკვე დიდი ხანია ცხოვრებენ, და გაუგებარია, ასეთივე საქართველოში ცხოვრება რატომ უნდა უნდოდეთ.
სამშვიდობო დიალოგის პროცესშიც და ზოგადად, კონფლიქტოლოგები საქართველოში მუდამ საუბრობდნენ კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რა არის/იყო ამ ტრანსფორმაციის ძირითადი არსი და დღევანდელ კონტექსტში რამდენად აქტუალურია ამაზე საუბარი?
კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს კონტექსტში გულისხმობდა ქართულ-აფხაზური და ქართული-ოსური ურთიერთობების, ნარატივების, ქცევების და პოლიტიკის ისე გარდაქმნას, რომ შემცირებულიყო მტრის ხატი, სიძულვილი და უნდობლობა, და ამის საპირისპიროდ, გაჩენილიყო თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, ურთიერთნდობის და მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობები. ამ მიდგომის პოლიტიკური და ფინანსური მხარდამჭერი სწორედ ევროკავშირი და იყო. ისინი ეხმარებოდნენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს და ინიციატივებს, ისე სამოქალაქო ინიციატივებს.
ქართული ოცნების ავტორიტარულმა მიდრეკილებებმა და ანტი-ევროპულმა პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიაყენა სამშვიდობო პოლიტიკას და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მცდელობებს. მინიმუმამდეა დასული სამოქალაქო ინიციატივები; გაზრდილია უნდობლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე არა ოკუპირებულ ნაწილზე; სამშვიდობო პროცესებში ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის იარლიყის მიწებებამ და ფინანსურმა სანქციებმა, ფაქტიურად უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობისაკენ მიმართული ინიციატივები პარალიზებულია და კონტაქტები მინიმუმამდე დასული; ევროპელ პარტნიორებს კი თითქმის შეწყვეტილი აქვთ ურთიერთობა საჯარო უწყებებთან, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, რაც ნიშნავს მათი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირებას. ამ მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება ნიშნავს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ანექსიის რისკების გაორმაგებას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების საბოლოო გახლეჩას და გაუცხოებას.
ჯერ კიდევ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობის დროიდან კონფლიქტების მიმართულებით მუშაობდით, რა იცვლება წლიდან წლამდე – როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოების აღქმებში?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 8-10 წლის წინ, როდესაც სახალხო დამცველის აპარატი, სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები აქტიურად მონაწილებდნენ სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებაში – სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში იყო პროგრესი ამის გარდა, დემოკრატიული გარემო პოზიტიურ გავლენას ახდენდა მშვიდობის საკითხების განხილვასა და ახალი იდეების თუ მოსაზრებების წარმოქმნაზე.
წლიდან წლამდე, ქართული ოცნება შორდებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, წლიდან წლამდე კლებულობდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი, წლიდან წლამდე უმოქმედო ხდებოდა ქართული ოცნების სამშვიდობო პოლიტიკა, განსაკუთრებით კი შიდა პოლიტიკურ კრიზისების ფონზე. დღეს, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უბრალოდ აღარ არსებობს და მას აღარც მოკავშირეები და აღარც პარტნიორები ჰყავს. ის მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული.
რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობებს, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ქართული საზოგადოება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს ემხრობა, სამშვიდობო პოლიტიკაში ფართო საზოგადოების, მათ შორის, დევნილების, დაზარალებული მოსახლეობის და ახალგაზრდებს, მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, სამშვიდობო პოლიტიკის წარმატებისათვის.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კონფლიქტებითა და ოკუპაციით დაშორიშორებული საზოგადოებებს შორის გაუცხოება. ახალგაზრდა თაობას – 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს შეადგენენ – საერთოდ არ ჰქონიათ კონტაქტი ქართველ თანატოლებთან. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის მათი წილი მოსახლეობაში 90%-ს მიაღწევს, რაც ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილების სრულად გაქრობას ნიშნავს.
სამშვიდობო დიალოგი ვახსენეთ და აქვე ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ახალი შემზღუდავი კანონები გვახსენდება, რომელიც ფაქტობრივად აჩერებს ამ სამშვიდობო დიალოგს. ეს დანაკლისია შერიგების პროცესისთვის?
ცხადია. თუ გავიხსენებ უახლოეს წარსულს, 2008 წლის ომისა და კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ოს კოლეგებთან მათი ლეგიტიმაციის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ერთმანეთისგან სრული იზოლაციის და გაუცხოვების შემცირების მიზნით დიალოგი სამოქალაქო ორგანიზაციებმა გააგრძელა. სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცილებაში კი ეს ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოკუპაციის ბუნების გამო, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ვალდებულება სამოქალაქო ორგანიზაციებმა იტვირთეს და ამა ვალდებულებას ასრულებდნენ, მანამ სანამ ქართული ოცნება მათ უცხოელ აგენტებსა არ დაარქმევდა და თავისუფლების შემზღუდავ კანონებს არ მიიღებდა. ამიტომაც შერიგების სამშვიდობო პოლიტიკა სულს ღაფავს, ხოლო შერიგების შანსები დღითიდღე მცირდება.