ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რუსეთის კამჩატკაზე ვულკანმა გაიღვიძა.
ამოფრქვევა დაიწყო „კრაშენინიკოვის ვულკანმა“, რომლის ბოლო გაღვიძება 1463 წლით თარიღდება. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ვულკანებზე რეაგირების კამჩატკის ჯგუფმა (KVERT) აღმოაჩინა, რომ ამოფრქვევა 3 აგვისტოს, გამთენიისას – ადგილობრივი დროით 04:50 საათზე დაიწყო.
KVERT-ის თანახმად, ვულკანის ფერფლი 4 კილომეტრამდე მანძილზე აიტყორცნებოდა. კრონოცკის ნაკრძალში დააზუსტეს, რომ ფერფლის შლეიფი ხუთ-ექვს კილომეტრზეც აღწევდა. ტერიტორიის ნაწილი უკვე დაფარულია ფერფლით.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, არ დაზარალებულა დასახლებული პუნქტები. კამჩატკის მხარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ფერფლს მიმდებარე სოფლებამდე არ მიუღწევია.
ვულკანის ამოფრქვევა უძლიერეს მიწისძვრას მოჰყვა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, 30 ივლისს, 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრა აღირიცხა. ეპიცენტრი კამჩატკის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 149 კილომეტრში, მდებარეობდა. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც კამჩატკაზე 1952 წლის შემდეგ მომხდარა.
„კრაშენინიკოვის ვულკანი“ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ვულკანის აბსოლუტური სიმაღლე 1856 მეტრია. ის კამჩატკის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის სტეფან კრაშენინიკოვის სახელს ატარებს.
კამჩატკის ნახევარკუნძულს წყნარ ოკეანესთან ოხოტის და ბერინგის ზღვები აკავშირებს. უძლიერესმა მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში დააფიქსირეს 4-მეტრიანი ტალღები. მიწისძვრის შემდეგ სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის გამო ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
კამჩატკაზე მომხდარმა მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია რუსეთის სახალინის მხარეში.
ცუნამის საფრთხე გამოცხადდა იაპონიაში, ჰავაის კუნძულებზე, ჩილესა და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე. ჰავაის სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაფიქსირებულია 1,2 მეტრის სიმაღლის ტალღები.
