რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა ჯარების დაჯგუფება “ცენტრის” მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის აღების შესახებ. მაგრამ რუსეთის უწყების ცნობაში საუბარია ქალაქ ძერჟინსკის აღებაზე. ამ სახელით შედიოდა ქალაქი ტორეცკი საბჭოთა უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთის ხელისუფლება უკრაინული ქალაქების აღების შემდეგ მაშინვე უბრუნებს მათ საბჭოთა სახელწოდებებს. ასე მოხდა ქალაქ ბახმუტის შემთხვევაში, რომელსაც ოკუპაციის შემდეგ რუსებმა “არტიომოვსკი” უწოდეს.
ტორეცკისათვის ბრძოლა რამდენიმე შარშანდელი ოქტომბრიდან გრძელდება.
უკრაინის სამხედრო უწყებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია ქალაქის დატოვება. პროექტ “დიფსთეითის” განახლებულ რუკაზე ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად არის მონიშნული, ქალაქის მცირე ნაწილი ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია, ანუ ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებს.
ქალაქი, სადაც ომის წინ დაახლოებით 35 000 ადამიანი ცხოვრობდა, მდებარეობს გორლოვკის დასავლეთით. ის ძლიერ განადგურდა ბრძოლების დროს. თუ ტორეცკის აღების შესახებ ცნობები დადასტურდა, ეს იქნება ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი ბახმუტის შემდეგ, რომელზეც რუსეთის არმიამ 2023 წელს დაამყარა კონტროლი.
სამხედრო მიმომხილველების თანახმად, ტორეცკის რუსეთის არმიის ხელში მოხვედრა უკრაინის ჯარისთვის ნიშნავს მომარაგების მნიშვნელოვანი არხის გადაკეტვას.