რუსეთს ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს. ამის შესახებ Sport.ru-ს რუსეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა განუცხადა. დღევანდელი მოცემულობით, ევროპის 2032 წლის ჩემპიონატს თურქეთმა და იტალიამ ერთად უნდა უმასპინძლოს, თუმცა ამ უკანასკნელის სტადიონებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს და შესაძლოა, მასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.
“ვიცით, რომ იტალიის სტადიონებს პრობლემა აქვს და თუ ისინი ჩემპიონატის ჩატარების უფლებას დაკარგავენ, ჩვენ აქ ვართ. რუსეთი მზადაა, ევრო 2032-ს უმასპინძლოს”, – ამბობს დიუკოვი.
ინფორმაციისთვის, იტალიის მიერ შეთავაზებული 10 სტადიონიდან, UEFA-მ მხოლოდ 1 დაამტკიცა და არსებობს ვარიანტი, რომ ევროპის ჩემპიონატს თურქეთმა ერთპიროვნულად უმასპინძლოს.
ამა წლის აგვისტოში სერია A-ს პრეზიდენტმა ეციო სიმონელიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა, მის ქვეყანას ტურნირის თანამასპინძლის სტატუსი ჩამოერთვას.
“მე ნამდვილად ვნერვიულობ ევრო 2032-ზე. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ჩემი შეშფოთებაა, მაგრამ როდესაც UEFA-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენი სტადიონები კომატოზურ მდგომარეობაშია და ევროპის ჩემპიონატი ექვს წელიწადშია, ჩვენ რისკავთ, საერთაშორისო დონეზე კარგი შთაბეჭდილება არ დავტოვოთ.
სამწუხაროა, რომ უდინეს, ბერგამოსა და ტურინის გარდა, ჩვენი დანარჩენი სტადიონები კომატოზურ მდგომარეობაშია. ჩეფერინმა მკაცრად გააკრიტიკა იტალიური სტადიონები და მე მას ვეთანხმები.
იტალიას აქვს რამდენიმე დიდებული, მაგრამ ძველი სტადიონი, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს, მათ შორის მილანის “სან სირო” და რომის “სტადიო ოლიმპიკო”, მაგრამ ამის გაკეთების მცდელობები შეიძლება ნელი იყოს და ბიუროკრატიული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.
ჩვენ ყველა სხვა ქვეყანას ჩამოვრჩებით. ბოლო 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ექვსი სტადიონი გავხსენით, რომელთაგან სერია A-ში მხოლოდ სამია”, – თქვა სიმონელიმ იტალიის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.
შეხსენებისთვის, 2022 წლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ამ ქვეყნის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთილნი არიან.
პსჟ “ბარსელონას” ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა – რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? – ევროს შეჯამება…
“ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა” – უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
დიუკოვმა ევროპულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი დაანონსა – რუსებმა 24 თავისუფალი გუნდი დაასახელეს და მათ შორის, საქართველოცაა




