„რუსეთის დაშორება სამხრეთ კავკასიიდან – ეს უაზრო ჩანაფიქრია. ამის საშუალებას არ იძლევა არც გეოგრაფია, არც საერთო ისტორია, არც ის მრავალმხრივი კავშირების მასშტაბი, რომლებიც რუსეთს სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოებთან აკავშირებს. მიუხედავად ამისა, ცალკეული საგარეო მოთამაშეები გამოთქვამენ მსგავს აბსურდულ იდეებს, რითაც მხოლოდ საკუთარ მისწრაფებებსა და რეგიონული რეალობების სუსტ გაგებას აჩვენებენ,“ – განაცხადა რუსეთის ელჩმა სომხეთში გაზეთ Syuniac Yerkir-თან ინტერვიუში სერგეი კოპირკინმა.
მან ასევე გამოხატა რწმენა, რომ რუსეთის განუყოფელი კავშირი სამხრეთ კავკასიასთან განაპირობებს მისი მხარის სასიცოცხლო დაინტერესებას რეგიონში მყარ მშვიდობასა და სტაბილურობაში, მის კეთილდღეობასა და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში.
„რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უცვლელი ძირითადი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება. ჩვენ, ბუნებრივია, ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ”.
