რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, – აცხადებს გუბერნატორი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ბრიანსკის ოლქის სახანძრო-სამაშველო ცენტრის სახანძრო ეკიპაჟები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.
