რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის ბაზა იწვის

ს ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში ხანძარია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი. მისი განცხადებით, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შეტევა სცადეს „უკრაინელმა ტერორისტებმა“, რომელთა უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით „ჩაახშეს“.
ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის გამოქვეყნებულ ამ ტექსტს მოჰყვება წინადადება, რომ „საჰაერო მიზნის განადგურებისას მოხდა საბრძოლო მასალის ჩამოგდება კლინცის ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე“. ბოგომაზი იმასაც წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად კი, 13 სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული.
ბრიანსკის ოლქზე დრონით შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და „აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
ხანძრის მასშტაბურობას ადასტურებს „მოსკოვის რკინიგზის“ მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობა, რომ ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზაზე, რეზერვუარებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნა სახანძრო მატარებელი 120 ტონა წყლით და 5 ტონა ქაფით. ბრიანსკის ოლქის ქალაქი კლინცი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 550 კილომეტრში მდებარეობს.
ს კლინცის ნავთობის ბაზაზე დრონით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
18 იანვარს როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა იყო „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ აცნობა, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია და შეტევა განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“. მოგვიანებით ეს დაადასტურა უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა.

ასევე დაგაინტერესებთ