რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეცტექნიკის რეექსპორტსაც წყვეტს. ინფორმაციას BM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზიდან დაუდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ ცვლილება 15 მაისიდან შევიდა ძალაში.
მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ აქამდე რეექსპორტის პროცედურები რუსეთისა და ბელორუსის მიმართულებით ისედაც აკრძალული იყო, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში რეექსპორტი საქართველოდან შეზღუდული არ ჰქონდათ. მათი თქმით, ცვლილებები სწორედ ამ ნაწილში შევიდა.
„რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის და ბელორუსის მიმართულებით ისედაც არ კეთდებოდა, თუმცა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ყველა მიმართულებით შეეზღუდა რეექსპორტი. აღარ კეთდება არც რეექსპორტი და არც ექსპორტი 15 მაისიდან. მხოლოდ შეუძლიათ საქართველოში დაირეგისტრირონ და ჰყავდეთ რეგისტრირებული საქართველოში. უცხო ქვეყნის მოქალაქე, გერმანიის, ამერიკის თუ ყაზახეთის მოქალაქე იქნება, მათ ეს შეზღუდვა არ ეხებათ. ეს შეზღუდვა ეხებათ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებს, მათ არ შეუძლიათ გააკეთონ ექსპორტი და რეექსპორტი ნებისმიერ სხვა ქვეყანაში,“ – აცხადებენ შსს-ის მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე.
