“გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი! საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავლი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალაგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა. ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა. და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება გააჩნია, მზადაა დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას – იმედისმომეცმია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა!
“ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონალურ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა, აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი. რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება. საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნების დროს. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია, ხან კარგი, ხან ცუდი და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, “ფეესბეს” და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე”