“რუსეთთან მშვიდობაზე ენამოჩლექით საუბრის ფონზე საკუთარ მოსახლეობას ომით ემუქრებოდე, ხელმოუწერელი კაპიტულაციის სიმპტომია” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
შვიდი პოლიტიკური პუნქტი, რომელზეც შეთანხმება სულ მარტივია, ვისი და რისი მომხრეც არ უნდა იყო:
– ყველაფერი ცუდია, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. განმარტება: ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ კანონი, რომელიც დაგვაშორებს მოკავშირეებს, დაგვაშორებს საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს და მარტო დაგვტოვებს რუსეთთან, არის სახელმწიფო ინტერესის მტრობა. რუსული კანონი აკეთებს ამას. – როდესაც შენი მოკავშირეები გეუბნებიან რომ ცუდ ნაბიჯს დგამ, ხოლო შენი მტრები გიწონებენ ქმედებას უნდა დაფიქრდე მახეში ხომ არ ებმები. განმარტება: ერთ მხარეს დგას , ევროპა და მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო მეორე მხარეს პუტინი, მედვედევი, დუგინი და პესკოვი. – შეუძლებელია ერთდროულად იყო ნაციონალისტიც და პრორუსიც. განმარტება: ნაციონალიზმი ქვეყნის ინტერესების ნებისმიერი ფასით დაცვაზე გადის. შეუძლებელია ს ინტერესს ნებით თუ უნებლიედ ატარებდე და ნაციონალისტი გერქვას. თავის მხრივ, რუსული ნაციონალიზმი კი სხვა, არარუსი ერების რუსიფიკაციაზე გადის. აქედან გამომდინარე სლოგანები და გულზე მჯიღის რტყმა და ფსევდო-ნაციონალიზმზე აპელირება არის უსაფუძვლო ფარსი და ამას კადიროვიც აკეთებს ჩეჩნეთში. ზოგადად კი, კარგად ვიცი რა არის ქართული ნაციონალიზმი და მას საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთთან. და არც შეიძლება ჰქონდეს. თუ რუსულ საქმეს აკეთებ რუსი ნაციონალისტი ხარ და არა ქართველი. – საკუთარი ხალხის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა და არა წარმატებული პიარი. განმარტება: როდესაც ცდილობ შენი მოსახლეობის მოტყუებას, თითქოს ესა თუ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ კანონი რუსული კი არა ევროპულია, ამით მიზანმიმართულად მტრობ საკუთარ ხალხს. გამოდის რომ ადამიანებს, როგორც უფორმო მასას ისე უმზერ, რომელიც ტყუილის კვამლში უნდა გახვიო – დააბოლო. და ამ ყველაფერს აკეთებ შენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ. – დევნიდე ახალგაზრდების პოლიტიკურ ნებას ნიშნავს დევნიდე ქვეყნის პოლიტიკური მომავალს. განმარტება: ამაზე ილია ჭავჭავაძე წერდა თავად. მაშინაც და დღესაც ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისაკენ მიმავალი გზის მოწინააღმდეგეა. ილიას იდეალებზე გაზრდილი თაობა საბჭოელებმა 1920-ან წლებში ან დახვრიტეს ან ქვეყნიდან წასვლა აიძულეს. რა მივიღეთ? დამონებული სახელმწიფო დამონებული ხალხით. დღესაც ასეა – შეუძლებელია დამოუკიდებლობაში გაზრდილ თაობას რუსეთი შეაყვარო. თუ მათ ამ ქვეყნიდან წასვლას აიძულებ მაშინ ტვინებისაგან დაცლილ, გამოფიტულ და მომაკვდავ ერს მიიღებ. – ხელისუფლება ხალხს დემონსტრაციებს არ უნდა უანონსებდეს – ეს ქვეყანას შუაზე ხლეჩს და სახელმწიფო ნგრევას იწვევს. განმარტება: ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, რადგან თავად უყვართ რელიგიური მოტივებით პოლიტიკური ნაბიჯების შეფუთვა, მოდით ვუპასუხოთ მათ რელიგიური ტექსტითვე: “ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა” (მათეს სახარება, 25-12). – რუსეთთან მშვიდობაზე ენამოჩლექით საუბრის ფონზე საკუთარ მოსახლეობას ომით ემუქრებოდე, ხელმოუწერელი კაპიტულაციის სიმპტომია.

ასევე დაგაინტერესებთ