რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შექმნის ბრძანება გავეცი. დელეგაციას რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის დაზვერვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა 2 ივნისს სტამბოლში, რუსულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებისა და ახალი შეხვედრის გამართვის დეტალების შესახებ აცნობა.
„უკრაინა მზად არის რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოს პატიმრების გასათავისუფლებლად, გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად, მკვლელობების დასასრულებლად და ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად, რათა ეს ომი ნამდვილად დასრულდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სტამბოლში, 23 ივლისს არის დაგეგმილი.
