“აფხაზეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნერგებს საქართველოდან ყიდულობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპოზიციური ორგანიზაცია “არუაა” ავრცელებს. მათი ცნობით, შესყიდვების ღირებულებამ, ორი წლის განმავლობაში 42 მილიონი რუბლი (427 ათასი დოლარი) შეადგინა.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე, ქართველი ფერმერების მხარდაჭერაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მაისში, ასლან ბჟანიას ბრძანებით, აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის ცალმხრივად გაიხსნა.
მათი თქმით, რუსეთთან ვაჭრობა შემცირდება, საქართველოდან შესული საქონლის მოცულობა კი გაიზრდება.
“ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, არამედ ჩვენს ეკონომიკას ზიანს აყენებს, საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს ძირს უთხრის და მეგობრული აფხაზურ-რუსული ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. რუსეთთან ვაჭრობა შემცირდება, ხოლო საქართველოდან აფხაზეთში შემოსული საქონლის მოცულობა, მათ შორის, კონტრაბანდით, გაიზრდება… ამასთან, საქართველო აფხაზეთიდან თხილის გარდა არანაირ საქონელს არ იღებს”, – წერია განცხადებაში.