რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის თათრეთის სამრეწველო ზონა იყო

რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 10 ივნისს, შუაღამის შემდეგ და დილით აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებოდა.
გამთენიისას აფეთქებები იყო ს თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ნიჟნეკამსკსა და ელაბუგაში. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, შეტევის სამიზნე სამრეწველო ზონა იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ თავდასხმა მოგერიებულია, არავინ დაშავებულა და საწარმოო პროცესი არ დარღვეულა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2024 წლის აპრილში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ელაბუგაში მდებარე ქარხანას, რომელიც დრონებს აწარმოებს. დღევანდელი შეტევის შესახებ ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
10 ივნისს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქზეც. გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატები მოგერიებულია ტოსნენსკის და ლომონოსოვის რაიონებში და მსხვერპლი და ნგრევა არ არის. ლომონოსოვის რაიონში რამდენიმე საწარმო და ნავთობპროდუქტების საცავი მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში და დღეს დილით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 103 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 4 თათრეთის რესპუბლიკაში და 3 ლენინგრადის ოლქში. ამ ცნობის მიხედვით, ყველაზე მეტი, 46 დრონი ბრიანსკის ოლქში „გაანადგურეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგების პროცესში არიან ჩართული.