რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე არტილერიისა და დრონების გამოყენებით თავდასხმებს განაგრძობდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას „შაჰედ-136/131“ ტიპის 2 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. საჰაერო თავდაცვამ ორივე დრონი გაანადგურა“, – აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, შეტევა რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან განხორციელდა. უკრაინელებმა ორივე დრონი ხმელნიცკის ოლქში გაანადგურეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 62-ჯერ გაუხსნეს. თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.
ამასთან, რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 140-ზე მეტ დასახლებას. დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას დასახლებაზე კი საჰაერო დარტყმები განხორციელდა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის კუთვნილი საარტილერიო დანადგარი და X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურეს.