რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი, რომელიც 29 აპრილს საქართველოში არ შემოუშვეს, ახლა აზერბაიჯანში იმყოფება, რასაც მისი ინსტაგრამის სთორებიდან ვიგებთ.
დღეს რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომელშიც პატრაშკანმა ხმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან მისცა.
მანვე, საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არშემოშვების შემდეგ, ჯერ სომხეთში, ერევანში გაემგზავრა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში გადავიდა.
კომიკოსს 29-30 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი შოუები თბილისში, „ტერმინალში“.
სტენდ-აპ კომიკოსი, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტირუსული განწყობებით, საქართველოში მის არშემოშვებას „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავშირებს.
„საქართველოში შესვლის უფლება არ მომეცა. როგორც ჩანს, ჩემი სულელური ხუმრობები მეტისმეტია საქართველოს მთავრობისთვის“, – განაცხადა მან.
მან ბოდიში მოუხადა 500-ზე მეტ ადამიანს, ვინც შოუზე დასასწრები ბილეთები შეიძინა.
„ვიმედოვნებ, მალე მოიპოვებთ თავისუფლებას, რომელიც გეკუთვნით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ამაზე ვიცინებთ“, – თქვა პატრაშკანმა.
აღნიშნულ ფაქტს არაერთი ქართველი გამოეხმაურა, რასაც კომიკოსმა ასევე საკუთარი ინსტაგრამ გვერდიდან უპასუხა.
“დიდი მადლობა იმ ათასობით ქართველს, რომელმაც კეთილგანწყობა და სითბო გამოხატა ჩემ მიმართ გუშინდელს შემდეგ, როცა საქართველოში არ შემომიშვეს.
ნუ იღელვებთ ჩემზე, მე არაფერი მიჭირს. ახლა ერევანში ვარ. თქვენზე უფრო ვღელავ, ქართველ ხალხზე, რომლის მთავრობასაც შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც ასეთ ზომებს ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ ხუმრობს.
თავს გაუფრთხილდით. იმედი მაქვს, ერთმანეთს სხვა დროს, უკეთეს გარემოებებში შევხვდებით და ამ ყველაფერზე ვიცინებთ. გგულშემატკივრობთ, თქვენ გვერდით ვარ, როგორც თქვენ ხართ ჩემ გვერდით. მთელი მსოფლიო თქვენ გვერდითაა. სიყვარულსა და გამძლეობას გისურვებთ მთელ ქართველ ხალხს!”, – დაწერა მან.
