რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის შესაცვლელად. სტოლტენბერგს ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.
იოჰანისმა თქვა, რომ რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ემხრობა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას, რომელსაც ალიანსის 31-ვე წევრი უჭერს მხარს.
იოჰანისის ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა 20 ივნისს, რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს (CSAT) სხდომის შემდეგ.
„CSAT-ის სხდომაზე რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გასული კვირის ბოლოს შეატყობინა ნატოელ მოკავშირეებს,“ ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
ამავე დღეს საბჭოში გადაწყდა, რომ რუმინეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის ამერიკულ სისტემა Patriot-ს გაუგზავნის.
სისტემა უკრაინას საჩუქრად გადაეცემა. გადაწყვეტილება მიღებულია „უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების ფონზე, რაც გამოწვეულია სამოქალაქო მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გამუდმებული და მასირებული იერიშებით,“ ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფორუმი