კვირას საღამოს ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოკლედ თქვა, რომ სამშვიდობო გეგმაზე დელეგაციების მუშაობა ხვალ გაგრძელდება. რუბიომ მხოლოდ ის დასძინა, რომ გეგმაზე მუშაობა სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
კვირას ჟენევაში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის, უკრაინის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციებს შორის. ისინი მსჯელობენ აშშ-ის 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებებზე, რომელთა შესახებ მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის კონტრწინადადებების შესახებ, რომლებიც კვირას გაავრცელეს Reuters-მა და Telegraph-მა, მაგრამ რუბიომ თქვა, რომ მას ალტერნატიული ევროპული გეგმა არ უნახავს.
რუბიომ დღესვე, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების პირველი მონაკვეთის შემდეგ პაუზის დროს, მოკლედ შეაჯამა მიმდინარე მოლაპარაკებები.
„ამ პროცესის მანძილზე ალბათ ყველაზე უფრო პროდუქტიული და შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა,“ თქვა მან.
მისი სიტყვებით, მათ მოეპოვებათ „პროდუქტი“, რომელიც შეიქმნა ყველა დაინტერესებული მხარის „წინადადებების საფუძველზე“ და „კარგ პროგრესს მიაღწიეს“ მასში შესულ პუნქტებზე მუშაობისას.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად სწავლობენ „ჩვენთვის შემოთავაზებულ რამდენიმე წინადადებას“ და შეაქვთ შესწორებები, რათა მიუახლოვდნენ იმას, რაც ხელს აძლევს უკრაინასაც და აშშ-საც.
რუბიოს სიტყვებით, არის განტოლების რუსული მხარეც, მაგრამ მოლაპარაკებებზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ „საკმაოდ არსებითი მოსაზრებები“ მოეპოვებათ იმის შესახებ, თუ რა არის მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი.
ჯერ კიდევ უნდა გავწიოთ გარკვეული მუშაობაო, თქვა ბოლოს რუბიომ.
უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიულია და საქმე წინ მიიწევს „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“.
ამავე დროს მან მადლიერება გამოუხატა აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ერმაკის ამ განცხადების ფონი იყო ტრამპის მხრიდან კიევის კრიტიკა. კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მსვლელობისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოცქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას არავითარი მადლიერება არ გამოუხატავს.
ფორუმი




