„რადიო თავისუფლების“ ინფორმირებულ წყაროს მიხედვით, 2025 წლის 9 იანვარს შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
სიაში ჩამოთვლილი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელის წარმომადგენლებად არიან მოხსენიებული. მათ სახელს უკავშირდებიან ელიტური გარემოცვის წევრები, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ.
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, სანქციები უმძიმესი დარტყმა იქნება არა მხოლოდ ამ პირებისთვის, არამედ მათი მართვის ვქეშ მყოფი კომპანიებისთვისაც. გარდა ამისა, შესაძლო სანქციების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება.
ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სიის უდიდესი ნაწილის სანქცირებას ემხრობა, თუმცა ამ ეტაპზე, რამდენიმე ბიზნესმენის მათ რიგებში ყოფნა, მისთვის გაუგებარია.
„პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია, კი სია წავიდა, მაგრამ ვინ გააგზავნა, ამაზე პასუხი ცნობილი არ არის, ასევე, უცნობია, ეს სია ასე დარჩება თუ რამე შეიცვლება. რამდენიმე გვარმა გამაკვირვა. საბოლოო ჯამში, სიის ლომი წილი აბსოლუტურად გასაგებია და ვეთანხმები. იქ ბევრი მსხვილი ბიზნესმენია, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ „ოცნებას“ ამდენი ხანია ძალაუფლება აქვს. თავადაც სარგებელს იღებენ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, როგორც ბიზნესმენები.
ვვარაუდობ, რომ სხვადასხვა სიმკაცრის სანქციები იქნება. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ შემოქმედებითად მიუდგა, შეეცადნენ, რომ მისთვის საქართველოს ფარგლებში, გარკვეული მანევრების საშუალება დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მძიმედ არ ასახულიყო.
თუ დავუშვებთ, რომ ყველა მათგანი უმკაცრესად დასანქცირდება, პირადად მათთვის ეს უდიდესი დარტყმა იქნება. ფაქტობრივად, ფინანსურად პარალიზებულები გახდებიან, საბანკო მომსახურებას ავტომატურად დაკარგავენ, ყველაფრის სხვებისთვის გადაფორმება მოუწევთ და თანამშრომლობისთვის ისინიც პოტენციური დამნაშავეები იქნებიან.
დიდი ალბათობაა, მათი კომპანიებიც დასანქცირდეს, რაც ეკონომიკისთვისაც ცუდია- ზოგიერთი მათგანი ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ მომწოდებლები და მყიდველები ვერ ეყოლებათ, ასე რომ, ბევრი მხრივ იქნება პარალიზებული, როგორ კომპანია, ისე ბიზნესები.
მე გამაკვირვა, ირაკლი გილაურის ამ სიაში ყოფნამ, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდები შეფასებას. დარწმუნებული ვარ, შტატებმა ჩემზე უკეთ იცის და მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ რამდენიმე ადამიანის სიაში ყოფნა მიკვირს, მათ შორის გილაურისაც“- აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.