გრანდ სლემის 20-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შვეიცარიელი სპორტსმენი, როჯერ ფედერერი მილიარდერთა კლუბს შეუერთდა. Forbes-ის მონაცემებით, 22 აგვისტოსთვის ჩოგბურთელის ქონებამ $1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ფედერერის ქონების დიდი ნაწილი სტრატეგიულ ინვესტიციებთან და თანამშრომლობის კონტრაქტებთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის, ფედერერმა 2019 წელს სპორტული ტანსაცმლის შვეიცარიულ კომპანია On-ში 3%-იანი წილი შეიძინა, რაც ამჟამად $375 მილიონადაა შეფასებული. თავად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $15 მილიარდს უტოლდება. რაც შეეხება თანამშრომლობას, 2018 წელს ფედერერმა Uniqlo-სთან $300-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა. 10-წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩოგბურთელი ბრენდის სახე და გლობალური ელჩი 2028 წლის ჩათვლით იქნება.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერ სპორტსმენთა სია არც ისე დიდია. მართალია, ფედერერმა ამ მცირე ჯგუფში მოხვედრა მოახერხა, თუმცა ის სიაში მაინც მეორე პოზიციაზეა, რადგან პირველ ადგილს ჩოგბურთის ლეგენდა, იონ ტირიაკი იკავებს.
